Gvebrdzvian xalxooo!!!
33, Tbilisi, Gruzja

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 5 ივლისს ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტირების შესაძლებლობა ეძლევათ. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ როგორც სასულიერო პირები და პოლიტიკოსები, ასევე უბრალო მოქალაქეებიც. ამ თემასთან დაკავშირებით opinion.ge-ს სტუდენტების ერთმა ჯგუფმა ღია წერილი მიაწოდა, რომელსაც ჩვენი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.

მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ უკვე მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი “არსებული რელიგიური გაერთიანებების სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით”, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აჟიოტაჟის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ კანონი საგანგებო, დაჩქარებული წესით იქნა მიღებული და მეორე დილასვე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი მაშინ, როცა მის მიღებას არ უძღოდა წინ არანაირი კონსულტაცია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და არც რაიმე ტიპის საჯარო განხილვა. როდესაც საუბარია ასეთ მნიშვნელოვან კანონზე, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება იმ გარემოებებზე რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ ინიციატივას და იმ შედეგების დეტალური ანალიზი, რაც პირდაპირ შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა 86% მართლმადიდებელი ქრისტიანია.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული ამ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხების ირგვლივ. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა იმ ნაწილმა, რომლმაც მხარი არ დაუჭირა პარლამენტის გადაწყვეტილებას, ვერ მოახერხა არგუმენტირებულად იმის ახსნა, თუ რეალურად რას უქადის ახალი კანონი სრულიად საქართველოს. ასეთ რთულ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ თითოეული მოქალაქეს სრული ინფორმაცია მიეწოდოს. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ ქართულ საზოგადოებას, გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ხსენებულ კანონთან დაკავშირებული მოვლენების განხილვისას.

1. დისკრიმინაცია და მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის სტატუსი: საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღიარებს მართლმადიდებლური რელიგიის როლს ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. კონსტიტუციის ეს მუხლი (9) საფუძვლად დაედო 2002 წელს გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის, რომელმაც ქართულ სამოციქულო ეკლესიას გარკვეული პრივილეგიები და სამართლებრივ-ფინანსური გარანტიები მიანიჭა. უფრო კონკრეტულად, ეკლესიას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ექსკლუზიური სტატუსი, რაც სხვა არც ერთ კონფესიას არ ჰქონია.

მიღებული კანონის I პუნქტის თანახმად, “რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად”, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა კონფესიის, როგორც სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი (მართლმადიდებლურის ჩათვლით) გათანაბრდა. ხელისუფლება განმარტავს, რომ ამ ნორმატიული აქტის მიუხედავად, საპატრიარქოსთან არსებული კონსტიტუციური შეთანხმება კვლავ ძალაშია და სამოციქულო ეკლესიას არანაირი პრივილეგია არ მოხსნია. კანონის პირდაპირი შედეგი მართლაც არ იქნება საპატრიარქოს უფლებამოსილებების შეზღუდვა. სამაგიეროდ, ამ კანონის საფუძველზე უკვე სასამართლოს ექნება უფლება, დააყენოს საკითხი რელიგიური კონფესიების დისკრიმინაციის შესახებ.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და მათ შორის რაიმე სახის დისკრიმინაცია ყოვლად დაუშვებელია. ქართულ საკანონმდებლო პრაქტიკაში დისკრიმინაციის განმარტება მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეში “უნგიაძე და ყიფიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (1/3/421,422). აღნიშნული საქმის მიხედვით, დისკრიმინაციად შეიძლება შეფასდეს ქმედება მხოლოდ არსებითად თანასწორი სტატუსის მქონე სუბიექტების მიმართ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქამდე კონფესიებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, დისკრიმინაციის საფუძველზე მოეთხოვათ ის პრივილეგიები, რომლებითაც საქართველოს საპატრიარქო სარგებლობდა. ზემოთ ხსენებული კანონით კი კონსტიტუციური შეთანხმების ექსკლუზიურობას მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან საფუძველი ეცლება, რაც სკანდალურ სასამართლო დავებს გვიქადის. ამ შემთხვევაში კი საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს, რომ ან მოუსპოს ეკლესიას მოქმედი პრივილეგიები, ან მსგავსი ხელშეკრულებები გაუფორმოს სხვა კონფესიებსაც, რაც უკვე სტატუსთა საბოლოო გათანაბრებას ნიშნავს, როგორც სამართლებრივად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

2. ევროსაბჭო და ქართული კანონმდებლობა: მიღებული კანონის IV პუნქტის მიხედვით, დარეგისტრირების უფლება აქვს ყველა იმ კონფესიას, რომელიც რელიგიად აღიარებულია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. ეს პუნქტი პირდაპირ უხსნის კარს ყველა ტიპის რელიგიას, რომელიც ევროსაბჭოს ერთ წევრ სახელმწიფოში მაინც არის მიჩნეული მიმდინარეობად. ვფიქრობთ, ეს საკითხიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს, რადგან ევროსაბჭოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, აღიარებული ჰქონდეს კონფესია, რომლის საქართველოში ფუნქციონირება სრულიად მიუღებელია არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვისაც.

3. კანონის მიღების პროცედურა: კანონის მიღებისას პარლამენტმა აშკარად დაარვია რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები. ჯერ ერთი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შესახებ, რომელიც ხსენებულ კანონ-პროექტს განიხილავდა, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა უკანასკნელ წუთამდე. უფრო მეტიც, კანონის ელექტრონული ვერსია საჯარო გახდა მხოლოდ მისი საბოლოო მიღების მეორე დღეს, როცა პრეზიდენტსაც კი უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი. ორივე ეს ფაქტი რეგლამენტის უხეშ დარღვევას ადასტურებს და საეჭვოს ხდის მისი სწრაფად მიღების მოტივებს. ბუნებრივია, ასეთი ტემპით ნორმატიული აქტის მიღებისას გამორიცხული იქნებოდა განხილვებში თავად კონფესიების მონაწილეობა. პარლამენტს კონსულტაცია არ გაუვლია არათუ საპატრიარქოსთან, არამედ არც ერთ სხვა რელიგიურ მიმდინარეობასთან, რაც ვერც სამართლებრივი და ვერც პოლიტიკური კუთხით ვერ იქნება გამართლებული.

4. ქართულ-სომხური გარიგება: ყველას კარგად მოეხსენება, რომ გარეგინ მე-2-ის ვიზიტმა საკმაოდ წარუმატებლად ჩაიარა, რასაც მწვავე ქსენოფობიური განცხადებები მოჰყვა ორივე – ქართული და სომხური მხრიდან. იმ ფონზე, როცა პატრიარქები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საკუთრების უფლებებზე ვერ შეთანხმდნენ, პარლამენტის ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება და ამ კანონის მიღება, რომელიც ძალიან ახლოსაა სომხური მხარის მოთხოვნებთან, ბუნებრივ კითხვებს ბადებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ითხოვდა სომხეთში არსებული ქართული ძეგლების გადაცემას საქართველოსთვის ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სომხური ტაძრების სანაცვლოდ. მიღებულმა კანონმა კი ყოველგვარი საეკლესიო დონის მოლაპარაკებებს აზრი დაუკარგა იმ “პრივილეგიების” გამო, რაც საქართველოში მოქმედმა კონფესიებმა მიიღეს. ეს ფაქტი არა მარტო საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას, არამედ ქართული ინტერესების უგულებელყოფასაც წარმოადგენს.

ჩვენ წერილში შეგნებულად არ ვეხებით იმ დადებით მხარეებს რაც პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება, რადგან მათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა უკვე დეტალურად ისაუბრეს. უბრალოდ, დასასრულისთვის დავძენთ, რომ ახლად მიღებული კანონის მიერ საზოგადოებისათვის დასმული რეალური საკითხი არა კონფესიების სამართლებრივ სტატუსს, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედის – ქართული სამოციქულო ეკლესიის როლსა და მნიშვნელობას ეხება. დროა, გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა თუ რას ნიშნავს მისთვის ქართული ავტოკეფალური ეკლესია სინამდვილეში!

Liczba odwiedzin: 11
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut