ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით
52, Tbilisi, Gruzja

გაიღიმეთ, ქალბატონო, განა თქვენი
სახის მწუხრით გადაჩრდილვა შეიძლება?!
გაიღიმეთ, მერე ალბათ ყველა დარდი,
სულ უბრალოდ, მოგონებით შეიცვლება.

ამ სიცივეს და სექტემბრის ყვითელ ფოთლებს,
აურიეთ,აურიეთ ნაბიჯები,
ნუ გგონიათ სიყვარული აღარ მოვა,
ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით.

რა კარგია, ქალბატონო, აი უკვე,
მაგ თვალებში ვარსკვლავები აციმციმდნენ,
აი, ასე მოგაწოდებთ თბილ-თბილ სიტყვებს,
თქვენ უბრალოდ ეცადეთ და დაიჭირეთ.

წვიმის სეზონს გადავურჩით, ახლა უკვე,
ნელა-ნელა შემოდგომა გვეპარება.
თქვენ იცით, რომ სევდიანი ისტორია,
სათითაოდ მოიზომეს მეძავებმა?!

გაიღიმეთ, ჩათვალეთ, რომ ბრძანებაა,
ვაჟკაცურად ეცადეთ და შეასრულეთ.
მე კი, ისე, ოქროს თევზის დასაჭერად,
თან გავყვები ძველთბილისელ მებადურებს...

Liczba odwiedzin: 0
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut