სიბრძნე სიცრუისა
43, Tbilisi, Gruzja

მოქანდაკეს დიდი ხნის უნახავი სიყრმისა მისის მეგობარი ვინმე მხატვარი ეწვია.

ინახით მსხდარი მეგობრები სამხრობამდის საუბრობდნენ ღვინისა, სიყვარულისა და მეგობრობისათვის.

მეგობრისა თვისის სისხლოვით გახარებული მხატვარი ენამჭევრობდა ფრიად, არწმუნებდა მოქანდაკეს „მეგობრობა ქალის სიყვარულსა და ღვინოზედაც უფრო დიდი და სანუკველი რამ არისო“. თასი თასზე იცლებოდა. მეგობრობის მრავალჟამიერი წარმოითქვა მრავალგზისი. „მე კი მგონია, უბნობდა მოქანდაკე, ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი. შენ რომ ჩემ ხასას მთვრალი გადააწყდე მარტომყოფს, მეგობრობას უთუოდ ქალში გაგაცვლევინებს ღვინო“.

მრავალი სიტყვა ითქვა, უფრო მეტი ღვინო შეისვა, მეთხუტმეტე თასზე ორივეს დასძინებოდა.

შებინდებულზე მხატვარს გამოეღვიძა. მიმოიხედა; მოქანდაკე აღარსად იყო. ადგა, ჩამობნელებულ დარბაზს თვალი მოავლო. ბუხრისპირად მშვენიერი ასული იჯდა გულზეხელდაკრეფილი. მდუმარედ შესცქეროდა დაღველფილ ცეცხლს. სპილენძისფრი ალის არილი საოცრად ლიცლიცებდა ღიმილის ელვით განაპობ ბაგეზე. იგავმიუწვდომელი მშვენიერება წარმოუდგა მხატვარს თვალწინ.

ალბად ეს არის ჩემი მეგობრის ხასა, გაიფიქრა შეზარხოშებულმა მხატვარმა და ბარბაცით მიეჭრა ცთუნებით სავსე დედაკაცს, ფეხრთით დაუვარდა და შეესიტყვა: „ მზეთუნახავთა შორის უტურფესო, ედემის ვარდო, სანატრელო და სანუკველო, მწყურის ნექტარი შევისრუტო ტუჩისა შენის ტკბილი სურიდან, ედემის ვარდო, მზეთუნახავთა შორის უტურფესო.

ქალი დუმდა. ნელი ღიმილით ანიშნებდა ვაჟს უტყვს თანაგრძნობას. ადგა მხატვარი, მომღიმარ ბაგეს ეამბორა, ეგრილა ტუჩი, ხელი შეავლო, ცივი და მუნჯი ქანდაკება მყისვე შეიცნო.

სისხამი დილით შინ მობრუნებულმა მოქანდაკემ დარბაზში ფეხი შემოდგა თუ არა, ნახა კედლის კაჩხაზე თოკით თავი ჩამოეხრჩო მხატვარს.

იძრო მოქანდაკემ მახვილი, - მეგობრის ცხედრის ჩამოხსნა ეწადა. სავარძლიდან მხატვარი გამოვიდა მოხითხითხითე. მოჩვენება სურათი არმოჩნდა, მხატვარ მეგობრის მიერ წინა ღამეს შესრულებული.

შეავლეს მომღიმარე მეგობრებმა ერთმანეთს ხელი, ნათელ სარკმელთან რომ მიაღწიეს, ერთიმეორეს ჩახედეს თვალებში და წამსვე ორტავემ შეიცნო სიბრძნე სიცრუისა.

კ.გამსახურდია

ტფილისი, 1929წ

~~

Liczba odwiedzin: 0
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut