მართლა მომხდარი ამბები
59, Tsageri, Gruzja

დიტო გელოვანი: მართლა მომხდარი ამბები

2012-08-20 09:19:15

ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. “ვერსია“

ლიკვიდირებული იქნება ავსტრო–უნგრეთის, ირანისა და თურქეთის საჯაშუშო რეზიდენტურები და ქსელები. აღიკვეთება – ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც – თურქთა პანისლამისტური მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენს დაზვერვას შეემატა თითო გამოცდილი აგენტი ჟენევაში, თეირანში, რომში. სამსახურიდან გადადგება პოლკოვნიკი სახნოვი და გადადგომის ნამდვილი მიზეზი ჩვენ ორის მეტს არავის ეცოდინება. რეორგანიზებულ იქნება, ან სრულიად გაუქმდება ხმების გავრცელების სამსახური. დიდი მოღულის ხალიჩა პატრონს დაუბრუნდება და პოლკოვნიკ გლებიჩს დაენიშნება ახალი ადიუტანტი... მართალია, ჩემს ნათქვამში ზოგი რამ, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს ვარაუდი ფაქტად უნდა იქცეს, თორემ – თქვენ ჯვარი გწერიათ – და მე იქნებ ციმბირშიც ამოვყო თავი...

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)



ლიკვიდირებული იქნება პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალა და მისი აგენტურული ქსელი საქართველოში. აღიკვეთება სომხური სტაფილოს, თურქული ნიორის და აზერბაიჯანული ყურძნის ექსპორტი. ჩვენს დიპლომატიურ სამსახურს შეემატება უამრავი გამოცდილი დიპლომატი. სამსახურიდან გადადგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამის მიზეზი ყველას ეცოდინება. რეორგანიზებულ იქნება ან სრულიად გაუქმდება სახელმწიფო აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა). ოკუპირებული ტერიტორიები პატრონს დაუბრუნდება. გენერალ ბორისოვს დაენიშნება ახალი ადიუტანტი – ლადო ვარძელაშვილი. შეწყდება ტყეების გაჩეხვა…

ეს ბოლო ძაან მაგარი იყო. აბა, რა აზრები მოგივა კაცს თავში, როდესაც ორი კვირაა რაჭაში არც გაზეთი გინახავს, არც რადიო, არც ტელევიზორი და არც ინტერნეტი?! და, თან, ყოველ დილით ტყის პირას გეღვიძება და საღამოს, ათ საათზე ტყიდან მგლები გიცქერენ (და მაგრადაც კაიფობენ) როგორ იკავებ ატეხილ მთქნარებას.

ტყის პირას მეღვიძება, მაგრამ ჩემსა და ტყეს შორის „ბელორუსები“ და უზარმაზარი მორებით დატვირთული „კრაზები“ მიდი–მოდიან.

ტყეს ჩეხავენ ეს შობელძაღლები. როგორც აქაურები ამბობენ, თიბავენ და პარსავენ. ტყეს. მერე კი, „ტყე“–ზე რაღაც ზმნები ახსენდებათ და მთავრობასთან დაკავშირებით სერიოზულ შემასმენლებს ქმნიან. რა თქმა უნდა, მეც მათთან ერთად.

ინტერნეტთან დაკავშირებით პატარა ტყუილი გამომივიდა – ინტერნეტი კი მაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, „ჯეოსელის“, რომელიც მხოლოდ იმდენს ახერხებს, რომ ჩემი საიმედო მეგობარი სააგენტოს ნიუსების ოდენ სათაურები წავიკითხო, შიგთავსი კი მიუწვდომელია და მის წარმოდგენაში უახლესი ისტორია და ფანტაზიის მოკრების არცთუ წარმატებული მცდელობა მეხმარება.

აი, მაგალითად, რას წარმოიდგენ ადამიანი, როდესაც ასეთ სათაურს წაიკითხავ – „გურამ პეტრიაშვილი ლეიბორისტების მაჟორიტარობის კანდიდატია“. რას წარმოიდგენ და, წარმოიდგენ კრუხისგან მიტოვებულ საბუდარში დაგდებულ სკინტლიან კვერცხს, რომელსაც ან კატა შეჭამს და ანაც კატისფერი სინდიოფალა და სწორედ გადამუშავების დროს კვერცხი კუჭიდან დაიწყებს ძახილს, მოგელანდებით, მოგელანდებითო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლეიბორისტები ნელ–ნელა სწავლობენ კანდიდატურების შერჩევას. აბა, ის ბეგაშვილი რა იყო და ეს შატბერაშვილი ვიღა არის?

პეტრიაშვილი იქით იყოს და... კინაღამ ვთქვი, არჩევნების თემას შემდეგ მივუბრუნდები–მეთქი, მაგრამ კარგად ვიცი, რომ არჩევნებს ორი სტრიქონითაც კი ვერსად გავექცევი. მაგალითად – ოლიმპიადაზე მოპოვებული შვიდი მედალი. ნაცმაცკაცუნებს ის ერჩიათ, რომ ჩვენებს ხუთი მედალი აეღოთ, მაგრამ მედალი იყო შვიდი და შემდეგ ოლიმპიადიდან (იმ დროისთვის გენერალ ბორისოვს ახალი ადიუტანტი ეყოლება – ლადო ვარძელაშვილი), რა იცი, იქნებ 77 მედალიც კი წამოვიღოთ!

ბეთქილ შუკვანი საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებსო... დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ნაცებთან ყველა მართალია და ვარძელაშვილი რომ ამბობს, შუკვანის მონაყოლი მტკნარი სიცრუეაო, ვინმემ თუ იცის, იცის თუ არა ვარძელაშვილმა სიტყვა „მტკნარის“ მნიშვნელობა? საერთოდ, ეს ვარძელაშვილი ერთობ საინტერესო ტიპია და რომ შემეძლოს, ლენინაკანში (ანუ, გიუმრიში, სადაც რუსების სამხედრო ბაზაა) ვარსკვლავს გავუხსნიდი. ვარსკვლავი კი ამ სათაურებზე გამახსენდა:

შარლ აზნავური რაბათის ციხის ტერიტორიაზე რეპეტიციას გადის; რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მთავრობის წევრები იკრიბებიან; ვანო მერაბიშვილმა ციხე-ქალაქ რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილე პირები დააჯილდოვა; განახლებულ რაბათის კომპლექსში ქორწინების სახლის დარბაზი გაიხსნა; „ბილაინმა“ განახლებული რაბათის ციხესიმაგრეში აბონენტთა მომსახურების ცენტრი გახსნა; რაბათის ციხის ტერიტორიაზე შარლ აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა. ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე სახალხო სეირნობა დაიწყო.

ციხეების გახსნით დაიწყეს და ციხეების გახსნით ასრულებენ, მაგრამ ეს ცოტა სხვანაირი ციხეა, ანუ თუ ციხეა, ციხე იყოსო – პრეზიდენტით, პრემიერით, ღუბერნატორებით, ტაკიმასხარებით... ის როგორ მოგეწონათ, ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მთავრობის წევრები იკრიბებიანო და მერე – ციხის ტერიტორიაზე სახალხო სეირნობა დაიწყოო.

ოჰ, ეს რომ გლდანის პირველ საპყრობილეში მომხდარიყო... ცოტაც მოვითმინოთ, მეგობრებო და მერე იქ, თუ თვითონ მოისურვებენ, გაუხსნან ვარსკვლავები ნინა წკრიალაშვილს, სოფო ნიჟარაძეს, ლელა წურწუმიას და კობა ხაბაზს. გია როინიშვილსაც ნუ დაივიწყებენ. „ბილაინი“ პატიმართა მომსახურების ცენტრს გახსნის... რაბათის ციხეში კი... რაბათის ციხეში შარლ აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა და მე ის გამიკვირდა, კიმ კარდაშიანი და შერილინ სარქისიანი რომ არ მოიწვიეს. ალბათ, მაგათი ვარსკვლავების გახსნას ლაზიკაში აპირებენ. ვინ იცის, უკვე გაუხსნეს კიდეც, ხომ იცით – არჩევნებია და მოსწრებაზე არიან.

მთავრობის წევრები იკრიბებიან და სახალხო სეირნობა დაიწყოო! მთავრობის წევრები, რამდენიმე ათეული პარლამენტარი, მათი ცოლები და საყვარლები და უსაყვარლესი კოორდინატორები – განა ეს ხალხია? აი, როდესაც გლდანის საპყრობილის ქორწინების საკანში „ბილაინის“ ტელეფონებით დაიწყებენ სამახსოვრო სურათების გადაღებას, მაშინ ვიტყვი... კი არ ვიტყვი, ხმამაღლა დავიყვირებ: „სამართალმა პური ჭამა – ხალხი ციხეშია“. და ვინმე რომ მისაყვედურებს, განა ეს ხალხიაო, მე დავიმორცხვებ, პირში თითს ჩავიდებ და ფეხსაცმლის ჭვინტით უგულავას დაგებულ ასფალტს ამოვჩიჩქნი.

რაბათის ციხე ნამდვილი გვირგვინია ჩვენი აღმშენებლობისო – სააკაშვილს უთქვამს და ცივილიზაციას რომ დავუბრუნდები, აუცილებლად მოვიძიებ ფოტოებს – ემანდ, რაბათის ციხე ახალციხის პოლიციის მშენებლობიდან მორჩენილი შუშებით ხომ არ შეაკოწიწეს.

ზემოთ აღვნიშნე, არჩევნებია და მოსწრებაზე არიან–მეთქი და ა, ბატონო, სათაურებიც:

ვანო მერაბიშვილმა სოფელ ვაჩნაძიანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა შეამოწმა; ვანო მერაბიშვილი სოფელ ნიგვზიანში მაგისტრალურ სადრენაჟო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო; ვანო მერაბიშვილმა გურიაში „ბახვი ჰესი 3“-ის მშენებლობა დაათვალიერა; ვანო მერაბიშვილი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო; ვანო მერაბიშვილმა ფერმერებს „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის“ საქმიანობა გააცნო; ვანო მერაბიშვილმა ახალქალაქში წიწიბურას ყანა დაათვალიერა...

ვფიქრობ, საკმარისია. მარტო პირუტყვის უფასო ვაქცინაცია რად ღირს და წიწიბურას ყანის დათვალიერებაზე იმდენი ვიცინე, რომ კინაღამ ეს სათაური გამომრჩა – „ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილს საგანგებო რეჟიმზე გადასვლის დავალება მისცა“.

მაიცა და... ეს „საგანგებო რეჟიმი“ რა შიბლაკოკოჩაა? თუ მოქალაქე საღამოს 22 საათის შემდეგ ქუჩაში გამოვა, მას კბილებს ჩაუმტვრევენ და ციხის საავადმყოფოში მოათავსებენ, თუ როგორ? შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილს კი არ მისცა დავალება, საგანგებო რეჟიმზე გადადიო, არამედ თავისი პრესსამსახურის უფროსს დაავალა, ნიუსი გაავრცელე, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს საგანგებო რეჟიმზე გადასვლის დავალება მივეციო.

საწყალი ვანო, საწყალი ჭია... გიგი წერეთელი კი არასოდეს შემეცოდება, ეგ მედროვეთუხუცესი, ეგა!!! როგორც სათაურებიდან გავიგე, მანტიორების უფროსი ხეთაგური კასირშების უფროსად გადაუყვანიათ, მანტიორების უფროსად კი ვახტანგ ბალავაძე გაუმწესებიათ. ასევე სათაურებიდან შევიტყე, რომ გასული კვირიდან მოყოლებული „დიმიტრი გვინდაძე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იქნება ჩართული“. იქვე ასეთი სათაურიც აღმოვაჩინე: „ვანო მერაბიშვილი - გვინდაძე არის ყველაზე მაღალპროფესიონალი, ვინც დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა“.

ასეთი აღფრთოვანებით ერთი – სააკაშვილი საუბრობდა ვერა ქობალიას შესახებ და მეორე – ვანო მერაბიშვილს უციმციმებს თვალები, როდესაც დიმიტრი გვინდაძეს ახსენებს.

ლიბერტალიანელები და, ჯანდაბა მაგათ თავს!

ახლა გამახსენდა, რომ ეს სამთავრობო ცვლილება გიგი წერეთელთან დაკავშირებით მოვყევი, თორემ სად იქნება ხეთაგური, ფინანსებში თუ სათაგურში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, გიგი წერეთელი და მასთან დაკავშირებული ნიუსის სათაური („ჯეოსელი“ და, ჯანდაბა მაგის ინტერნეტს!): „გიგი წერეთელი არ გამორიცხავს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებების მიზეზი ახალი ტაქტიკა გახდა“.

ნტ, ნტ... აფერუმ შენს სტრატეგიულ ცვლილებებს და საღსალამათ–საღოლ შენს ტაქტიკურ უცვლელობას, საქართველოს მედროვეთუხუცესო!

კაი ლოთიან ამბავში ტიხარი ხომ გაგიკეთებიათ? ჰოდა, პატარა დიპლომატიური ტიხარი გავაკეთოთ: „საქართველოს ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ნიუ დელი) ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, ნეპალში ქვეყნის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა“.

ამ სათაურიდან მხოლოდ ის გავიგე, რაც თავად სათაურშია, დანარჩენი წარმოუდგენელია. რა უნდა აკეთოს კაჭკაჭიშვილმა კატმანდუში?.. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ ეგ და გია თორთლაძე ერთობლივად დახატავენ პლაკატებს „საქართველო ოკუპაციის გარეშე“, რომლებსაც შემდეგ თორთლაძე იქამდე აიტანს, სადამდეც ააღწევს, თუმცა ხმები გამოაღწევს, გია თორთლაძემ რეინჰოლდ მესნერის რეკორდი გაიმეორა, ყველა რვაათასიანზე ჟანგბადის ბალონის გარეშე ავიდა, ჟანგბადის ბალონი კი იმიტომ არ ათრია, რომ მერე პლაკატებს ვეღარ აიტანდაო.

ეს – ერთი დიპლომატიური ამბავი. რაც შეეხება მეორეს იგი ცხინვალს უკავშირდება, სადაც ლეონიდ თიბილოვმა ქართული სოფლების საბოლოოდ მიწასთან გასწორების შესახებ გამოაცხადა – ქართული სოფლები, როგორც დასახლებული ტერიტორიები, აღარ იარსებებსო.

მე თქვენი სისხლი დავლიე!!!

სერგი კაპანაძეს განუცხადებია, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში სახლების დანგრევაზე პასუხისმგებელი რუსეთი იქნებაო. მე კიდევ, მეგონა, პასუხისმგებლობას ბურკინა ფასო, ან სულაც სპილოს ძვლის ნაპირი აიღებდა. საერთოდ კი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ სერგი კაპანაძე გყავს, „მეგონა“ გრამაფონშია. სერგი კაპანაძემ ყველაფერი იცის – რა, სად და როდის. დაუსვამს ბატონი წამყვანი კითხვას, კაპანაძე პასუხობს, კითხავს, პასუხობს, მაგრამ „ბატონი წამყვანი“, როგორც ცნობილი „ახალი მემარჯვენე“, ხშირ–ხშირად ნაცებსაც ეკითხება რაღაცეებს. სათაური: „დავით დარჩიაშვილი - ქართულ სოფლებში სახლების დანგრევის გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ბოროტებაა“.

მაგარია, დონეა, კლასია.

კიდევ ერთი სათაური: „საქართველოს საგარეო უწყება ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს“.

როგორც გითხარით, მხოლოდ სათაურები მაქვს წაკითხული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე ვხვდები, თუ რა განცხადებას გააკეთებდა საგარეო უწყება. გრიგოლ ვაშაძე აქ არ იყო და ვინ ოხერს მიანდობდნენ ასეთი საპასუხისმგებლო ტექსტის შედგენას, თუ არა პირმშვენიერ და თვალტანად ნინო კალანდაძეს?! რა თქმა უნდა – მას. ჰოდა, ისიც ხომ გითხარით, ნიუსების შიგთავსის გამოცნობაში უახლესი ისტორიის მართლაც კარგი ცოდნა (შემიძლია დავიტრაბახო!) მეხმარება მეთქი! ჰოდა, ხომ გახსოვთ, რა თქვა ნინო კ–მ გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით – ეგ ჩვენი არასოდეს ყოფილაო. ჰოდა, მივხვდი – ნინო კ. იტყოდა, აღნიშნული ქართული სოფლები არასოდეს ყოფილა ქართულიო.

ნინ... (როგორც ნინა წკრიალაშვილს უხმობს კობა ხაბაზი), ჯაყო დიდი ხანია, რაც დაიბრიდა, არმაგედონის ზანგი კი საღსალამათი დაუბრუნდა მშობლიურ პლანეტას და საღოლ უთხარი.

ძაან დიპლომატიაში გადავარდი, არადა არც მიყვარს და არც მეხერხება. ამიტომ, პირდაპირ ტექსტებით მიმართვაზე გადავალ: „უუხ, მე თქვენი... !“

ვის მივმართავ? ისევ სათაურებს მოვუხმობ და მიმართვის ადრესატებს თავადვე მიხვდებით: დავით ბაქრაძემ ტყიბულში მაჟორიტარობის კანდიდატად პავლე კუბლაშვილი წარადგინა; ინგა გრიგოლია - ქდმ ეკლესიის თემით არ პოპულისტობს; „ახალი მემარჯვენეები“ ხულოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთი შენობის იერსახის მოწესრიგებას ითხოვენ; გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობის“ კრედოა, რომ არ დაუშვას წარსულის დაბრუნება; ბათუმში ზედამხედველობის სამსახურმა ვაზი გაჩეხა; „ახალი მემარჯვენეების“ წინასაარჩევნო სლოგანია - „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“.

მემარჯვენეების სლოგანი მომეწონა, მაგრამ ის არ მომწონს, ხელისუფლება „ალდაგის“ ამბებს რომ აღარ ახსენებს. ქლიბმა კვერცხი ტყიბულში რომ წარადგინა, ეგეც მომეწონა, მაგრამ ის მაინტერესებს, პალიკო ტყიბულს იმ კეტებით დაუბრუნდა, რომლითაც წამოვიდა, თუ ნიანგის ტყავის „კაზაჩოკები“ ეცვა და შუბლიდან ოქროს ცვარს იწმენდდა? ნუ... ინგას იმას ვეტყვი, რომ ბარიგა ყველაფერში ბარიგაა და იმ „დენი იმდენად, გაზი ამდენად და წყალში ფულს იქით გადაგიხდით“ შემდეგ, ცოტა უხერხულია, ამტკიცო, ჩვენი პოლიტიკური დეფლორაცია შეუძლებელი რამ არისო.

ორი სათაური: „მაგდა ანიკაშვილი სოფელ მეჯვრისხევში მოსახლეობას შეხვდა“ და „ჩიორა თაქთაქიშვილი – პოლიტიკური თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის სრული უფლება აქვთ“.

არც ერთი იყო ნაციონალი და არც მეორე – ქრისტიან–დემოკრატი. ორივენი ერთი, რომელიღაც გენდერული ენჯეოს ზეკმაყოფილი დამფუძნებლები იყვნენ.

„ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლების მცხოვრებლებმა უწყლობის და უშუქობის გამო წუხელ, დაახლოებით 22.00 საათზე ავტომაგისტრალი გადაკეტეს“ – ეს იყო სათაური, რომელსაც მოჰყვა მეორე: „ქობულეთის გამგეობა ფიჭვნარის დასახლებაში უშუქობის მიზეზად ტურისტების ზრდას, ხოლო უწყლობის - გვალვებს ასახელებს“.

ქობულეთის გამგეობაში ხომ სრული იდიოტები სხედან, მაგრამ ესეც ნახეთ: „ქრისტიან-დემოკრატები“ ქობულეთში უწყლობას და უშუქობას აპროტესტებენ“.

ეს ბოლო სათაური იმ ორი სათაურთან კავშირშია მნიშვნელოვანი, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ: „ფოთში გადამზიდავი ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს“ და „მძღოლების პროტესტს „ქრისტიან დემოკრატებიც“ უერთდებიან“.

თქვენი ნებართვით, ერთ სათაურს გამოვიგონებ: „ლეღვის ნახარშით დამწვარმა ქალბატონებმა საპროტესტო აქცია გამართეს“. ბარემ, გამოვიგონებ მეორესაც: „ლეღვის ნახარშით დამწვარი ქალბატონების საპროტესტო აქციას ქრისტიან–დემოკრატებიც შეუერთდნენ“.

ამ ორ სათაურს კი გამოგონება არ ჭირდება, ქეთოს კოტესი არ იყოს, ეს უკვე მოხდა: „ქრისტიან-დემოკრატები“ წყლის ტარიფების შემცირებას ითხოვენ“ და „არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქდმ „თელასისა“ და „ენერგო-პროს“ გამოსყიდვას აპირებს“.

აკი, დენი ათი თეთრი, გაზი ხუთი თეთრი და წყალი უფასოო? დაშნაკჩოყლაყები და ჰალსტუხიანი ხვლიკები, ერთი შეწვი – მეორე წაუსვი, რაც ალხანა – ის ჩალხანა... და სათაური: „გიორგი თარგამაძე - პირველ ოქტომბერს გაირკვევა, შეძლებს თუ არა საზოგადოება ცხვრის ქურქში გამოწყობილი მგლების გარჩევას“.

ის ალხანა–ჩალხანები რომ ჩამოვთვალე და ეს სათაურიც რომ გადმოვწერე, ამასთან კავშირში მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებამ პირველ ოქტომბრამდე ბევრად ადრე, კონკრეტულ მაგალითზე იცოდა, რომ ბოზებსა და ნაბოზრებს შორის მყარი ტოლობის ნიშანი იწერება.

ლევან ვეფხვაძე ემა ქალიაშვილის ოჯახს ესტუმრაო... სად იპოვნიან ხოლმე?! და ისე, სხვათა შორის, გია ბარამიძის პრეს–მდივანი (ანუ ბარამიძის ტყუილების და ბაქი–ბუქების გამავრცელებელი) გვარს არ დავასახელებ, და სწორედ იმის მეუღლეა, გასულ კვირაში ემა ქ–შვილის ოჯახს რომ სტუმრობდა.

რამე ხომ არ მეშლება? თუ მეშლება და, მე ვიყო საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ საპილოტო პროექტის მონაწილე, რომლის განხორციელებაც სოფელ სუფსაში დაიწყო; მე ვიყო ისეთივე შემართებული, როგორც ის „მემარჯვენეები“, ყვარელში საძოვრების პრობლემა რომ გააპროტესტეს; მე ვიყო ლეიბორისტი, გასულ კვირაში გლეხებს რომ ეხვეწებოდა, ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდითო; მე ვიყო საარჩევნო ბლოკ „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასისთვის“ სიმბოლურად, თითო-თითო ლარის შეწირვის მსურველი, მაგრამ გასულ კვირაში ვერშემწირავი პენსიონერი და მე ვიყო ცაცია, რომელთა საერთაშორისო დღეც 13 აგვისტოს, გასულ კვირაში აღინიშნა.

ამ დღეს, 13 აგვისტოს, ვიყავი სოფელში და ცაციებისადმი სოლიდარობის ნიშნად ჭიქა მარცხენა ხელში მეკავა. ვამბობდი სადღეგრძელოს და გული მიგრძნობდა, რომ გაივლიდა სულ რამდენიმე დღე და 17 აგვისტოს, 15 საათსა და 34 წუთზე მოძმე სააგენტოს ამბებში ასეთ სათაურს ამოვიკითხავდი: „დავით გამყრელიძე - ყველა სოფელში თითო საწარმო სავსებით რეალისტური გეგმაა“.

„დავით გამყრელიძე ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტებასთან უფრო ვძმაკაცობ“ – თქვა ლევან გაჩეჩილაძემ და ისეთი დაიგინა, რომ „ახალი მემარჯვენეების“ სათავო ოფისში ორი დღე განწირული ყმუილი ისმოდა“ – ეს ნიუსი არ არის. ეს არის ჩემი გამონაგონი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ მართლაც მომხდარიყო.

მართლა მომხდარი ამბები: „დავით ბაქრაძემ „ნაციონალების“ გარდაბნის, მარნეულისა და და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა“ და „დავით ბაქრაძემ სამცხე-ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა“. და კიდევ: დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარმატებაში დარწმუნებულია“.

ქლიბზე იკაიფეთ – დარწმუნებულია. აი, შენ კი მოგხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებისა, ამ უკანასკნელებს კი – არმაგედონის ზანგისა. ვიცი, რომ არ გააპროტესტებთ.

უსათაუროდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე: „ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ დიდგორის ველზე მოქალაქეების შეუშვებლობის ფაქტს აპროტესტებს“.ეს სათაურია და იმის იქით?იმის იქით არის ის, რომ თუ დიდგორობაზე გინდა შესვლა, კეთილი ინებე და შენი შავი ფარის წითელ ფონზე დიდი ხუთიანი დაახატე. როგორც სოფომ, ანუ ვარდომ და... წარმოგიდგენიათ? სააკაშვილი სოფოზე გამახსენდა, თორემ სულ მავიწყდებოდა.

რომ გითხრათ ბევრი არ ულაქლაქია და რაც ილაქლაქა, სულაც არ იყო ლაქლაქი–მეთქი, დამიჯერებთ? არ დამიჯერებთ. მოკლედ ილაქლაქა და ილაქლაქა (შორენა შავერდაშვილის არშემდგარი რადიო გადაყლაპა) და რომელი ერთი ჩამოვთვალო? ეგენი რომ გავიმეორო, უნდა დავდგე და დორბლები უნდა ვყარო, ცაციების საპატივცემულოდ კი, წვინტლები მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით ვიწმინდო.

არ მინდა, ძმაო!!!

იმას კი გეტყვით, რომ სათაურის მიხედვით „მიხეილ სააკაშვილმა სოფელ საზანოს მოსახლეობას გზების დაგვიანებული მშენებლობისთვის ბოდიში მოუხადა“. მომავალ კვირაში ასეთ ნიუსს ველი: „საზანოს საერთაშორისო აეროპორტში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა პარიზი–საზანოს დაგვიანებული რეისის მგზავრებს ბოდიში პირადად მოუხადა“.

საზანო – საზანოდ, მაგრამ უცნაური რამ მოხდა ქუთაისში. 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყების ოცი წლის თავზე (აქ სათაურს მოვიშველიებ) „იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ დღეს ნიკეას ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს“. ეს არაფერია, მთავარი ის არის, რომ ზუსტად ორი დღის შემდეგ ქუთაისის მერი, გიორგი თევდორაძე თანამდებობიდან გადადგა.

რა ნახა ამისთანა იმ ნაგავსაყრელზე თევდორაძემ, ან რა იპოვნა ან რა მოელანდა...

საკუთარი მომავალი თუ დაინახა პარლამენტში ანაც ისტორიის სანაგვეზე...

ალბათ, უფრო – სანაგვეზე.

ორი სათაური: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის მაღალ სტანდარტს უწესებს, - ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში“ და „კრწანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით საყვარელიძე საარჩევნო ოლქში კონკურენტად არავის მიიჩნევს“.

ეს ორ–ორი სათაური მომკლავს და პირველის ამბავში იმას ვიტყვი, რომ ჯერ მაღალს დაუწესონ სტანდარტი, მეორის ამბავში კი, მომკალით და ამ დავით საყვარელიძეზე რატომ მახსენდება ის ამბავი, ერთმა ახალგაზრდა პროკურორმა საკუთარი შეყვარებულისა და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები მოსამენაზე რომ დააყენა.

ვინ იყო იგი? და, ვინც არ უნდა იყოს, ხომ არ ჰყავს მას კონკურენტი? ოღონდ – რაში?

მოკლედ, ამათ უნდა დაახვიონ. სულაც არ ვარ გაღიზიანებული, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩოყლაყმა ასეთი სიტყვები წამოაჩოყლაყა: „ხალხო, რა გაღიზიანებთ, ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც“.

არჩევნები კი არა, ჟამი გამოცვლისო...

დავჯდეთ და დაველოდოთ, როგორ მივა მიხრწნილებაში გადამდგარი პრეზიდენტი სააკაშვილი მთავრობის სხდომაზე, როგორ შემოდგამს საკუთარ შარდის ბუშტს მაგიდაზე და როგორ დაავალებს ჯანდაცვის მინისტრს – „ერთი, ეს ფსელი გამისინჯე“!

გიულის ბიჭი ნამდვილად არის მაგის გამკეთებელი.

ჩვენ რისი გამკეთებლები ვართ?

ხ.ს.გ. (ხასიათის საქმეები გველის) – შალიბაშვილს რომ შეუვარდი შენი კაცებით, ქალი რომ გააუპატიურეთ იქ და წამოსვლისას დათა თუთაშხიაზე სიტყვა რომ დაუბარე, საიდან იყო ეგ სიტყვა?

– თუ არ მომკლავთ, გეტყვით მაშინა.

– თუ მოგკალით, როგორღა გვეტყვი? ჯერა თქვი და, იქნება არც მოგკლათ, ხასიათის საქმეა.

(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)

Liczba odwiedzin: 8
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut